logo
ENG



შსს: გუდაურთან დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს, სამებაში ჩატარდება 

01 აგვ 202212:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/01/qw4dbpukx2191bg.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

"სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ."- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა